მოკლე სია

55

(დაფუძვნებულია ნამდვილ ამბავზე)

1993 წლის 17 მარტი იდგა. აფხაზეთის ომი მძვინვარებდა და მოსახლეობა შიშითა და პანიკით იყო მოცული. სეპარატისტები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნახევარს აკონტროლებდნენ. რუსეთთან საზღვრების გახსნამ აფხაზთა პოზიციები უფრო გაამყარა. ყველას ზარავდა 2 ოქტომბრის სიმწარე – გაგრის დაცემა. „პოზიციებს ვკარგავთ“ წუხდნენ ყველგან, სადაც ომზე ხმას ამოიღებდნენ. მაშინ კი მხოლოდ ამაზე საუბრობდნენ. სხვა თემა არავის აინტერესებდა. „ახლა რომ სტალინი გვყოლოდა…“ – ამბობდნენ ერთნი. „მაგან დაგვღუპა.“ – პასუხობდნენ მეორენი. „ნუ გეშინიათ, გავიმარჯვებთ. ხვალ ახალ შენაერთებს გზავნიან სოხუმისკენ.“ – ამშვიდებდნენ მესამენი.
სოხუმს, რომელსაც ჯერ კიდევ 1992 წლის დეკემბერში გადაარქვეს სახელი აფხაზებმა და უწოდეს „Сухум“, მართლაც სჭირდებოდა გამაგრება, რადგან გაგრისა და კოლხიდას დაცემის შემდეგ მოწინააღმდეგემ მთელი ყურადღება მისკენ გადაიტანა. ვითარება შემაშფოთებელი იყო. საქართველო მძიმე მდგომარეობისთვის სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა. რესურსები სულს ღაფავდნენ. ტანკისტები ტანკებს არემონტებდნენ იმ იმედით, იქნებ სახელმწიფოს როგორმე საწვავის შეძენა მოეხერხებინა და ომში ჩართულიყვნენ. ქვეყანა დაასუსტა შიდა კონფლიქტებმა. ჯერ ექსპრეზიდენტ ზ.გამსახურდიას მომხრეთა წინააღმდეგ მომხდარმა სამხედრო მოქმედებებმა სამეგრელოსა და აფხაზეთში, შემდეგ კი ქართულ-ოსურმა კონფლიქტმა თითქმის გამოცალა საწყობებში საბჭოთა კავშირიდან შემორჩენილი მარაგები. მიუხედავად ამისა, საქართველო მეზობელ ქვეყნებსაც ეხმარებოდა ყველაფრით, რაც გააჩნდა. როცა ყარაბაღის ომი, რომელიც აფხაზეთის ომის პარალელურად მიმდინარეობდა, დაიწყო, სამხედრო საწყობის გამგემ თავისი ხელით დატვირთა ოთხი სატვირთო ავტომობილი და კონფლიქტის ზონაში გაგზავნა პირველადი დახმარების ნივთები. ახლა კი, მადლიერი მეზობლებისაგან დახმარება იგვიანებდა. ყველას თავისი გასჭირვებოდა კავკასიაში.

1993 წლის 17 მარტი იდგა. ქალაქში ხმები გავარცელდა, გუშინ აფხაზებმა მთელი ძალებით შემოგვიტიესო. ჩვენებმა ოთხსაათიან შეტევას გაუძლეს, მაგრამ გამთენიისას ფრონტის ხაზი გაურღვევიათ და აფხაზურ ფორმირებებს გარეუბანში შეუღწევიათო. გუმისთას ბატალიონებს უვაჟკაციათ. ჩვენი რეზერვისტების გადასროლილ ნაწილებს მოწინააღმდეგე ალყაში მოუქცევია და გაუნადგურებია. საღამომდე გუმისთა აფხაზებისგან მთლიანად გაუწმენდიათო. ისეთი დიდი დანაკარგი მივაყენეთ შეშინებულებმა უკან დაიხიესო. იმასაც წუხდნენ ნეტა შეტევაზე გადასულიყვნენ და მთელი აფხაზეთი დაეკავებინათო. ხალხს ეს გამარჯვება გულს უმაგრებდა, მაგრამ ამას სიხარული არ ერქვა. „ომი“ და „სიხარული“ ერთმანეთის არათანამკვეთი სიტყვებია. არც ომის მოაზრება შეიძლება სიხარულის ქვეშ და არც სიხარულის ომის ქვეშ.
იმ დილით ყოფილი სამხედრო საწყობის გამგის: ნატალია გელაშვილის კაბინეტში ტელეფონმა დარეკა. ის ქალაქის მერიაში ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მუშაობდა. ღამენათევს ის იყო სკამზე ჩასთვლიმა, ზარმაც დაიწკრიალა. სასწრაფოდ გამოფხიზლდა, ყურმილი აიღო და სრულიად მობილიზებულმა უპასუხა:
– დიახ, გისმენთ. დიახ… რა ხდება? არავინ შეუშვათ, ახლავე გამოვდივართ! – ყურმილი დადო და კაბინეტიდან აჩქარებით გავიდა. რამდენიმე თანამშრომელთან ერთად მანქანაში ჩაჯდა და რესპუბლიკური საავადმყოფოსკენ გასწია.
თბილისის ქუჩებში განუწყვეტლივ დაქროდნენ სასწრაფო და სატვირთო მანქანები. დაჭრილებისა და დაღუპულების რიცხვი იზრდებოდა. ექიმები და ექთნები საქმეს ვერ აუდიოდნენ. რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზო სავსე იყო ხალხით, ვისაც ნათესავი თუ ახლობელი ჰყავდა ომში გაგზავნილი და გულდამძიმებულნი ელოდებოდნენ ეზოში ყოველი ახალი მანქანის შემოსვლას. შიშით კითხულობდნენ მოყვანილთა გვარებს და თუ საშუალება ჰქონდათ თავისი მოსაკითხის გვარს ეკითხებოდნენ ახალშობილ ვეტერანებს. მკითხავმა, ხალხის უბედურებით ხელის მოთბობა რომ გადაეწყვიტა, მარჩიელობა გააჩაღა ეზოს კუთხეში. ყველა, ვინც მასთან მიდიოდა, იმედმიცემული ბრუნდებოდა. ის იმედით ვაჭრობდა ამ მძიმე დროში. იმედით, რომელიც მაშინ ყველას სჭირდებოდა.
მერიის თანამშრომლები საავადმყოფოს მიუახლოვდნენ. ეზოში ხალხი ბობოქრობდა, საავადმყოფოს დაკეტილ კარებს აწყდებოდა და შემტვრევას ცდილობდა. ისმოდა გინება რამდენიმე ენაზე და შენობაში შეშვების მოთხოვნები. მათ თვალებში სიძულვილის ცეცხლი ენთო.
ვითარება იმ დილით აფხაზეთიდან დაჭრილების ჩამოყვანის შემდეგ დაძაბულიყო. მას შემდეგ რაც ჯარისკაცებს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და მათი მდგომარეობა დასტაბილურდა ორმა ჯარისკაცმა ხმა ამოიღო, მაგრამ არავის ესმოდა მათი ენა. არც ქართული იყო, არც აფხაზური და არც რუსული. ისინი ბრძოლის ამბავს ყვებოდნენ, ამას ექიმები მათი ჟესტებიდან მიხვდნენ: ხელებით წარმოსახვით ავტომატს უმიზნებდნენ წარმოსახვით მტერს და ესროდნენ. თან ერთმანეთს უცინოდნენ და ხარობდნენ გადარჩენას. ვერავინ გაიგო მათი.
იმ დროს რესპუბლიკური საავადმყოფოს ერთ ნაწილში აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობდნენ. ექიმებმა იფიქრეს ეგებ რომელიმე აფხაზური დიალექტზე საუბრობენ ჩვენი პაციენტებიო და დასახმარებლად დევნილებთან კაცი გაგზავნეს. უკან რამდენიმე ქალი და ერთი კაცი მოიყვანეს უცნობების სანახავად. პაციენტებმა იფიქრეს არიქა ჩვენი ხალხიაო და სიხარულით დაიწყეს ომის ამბის მოყოლა. ხალხში ერთმა შემელოტებულმა კაცმა, მეეზოვის ტანისამოსი რომ ეცვა, აფხაზურად შეიგინა, ხალხი მიყარ მოყარა და მუშტი დასარტყმელად შემართა, მაგრამ წინ ექიმი გადაუხტა და შეაკავა. კაცი ხმამაღლა ყვიროდა და დაჭრილებისკენ იწევდა. მედპერსონალმა რის ვაი-ვაგლახით მოახერხა დევნილების პალატიდან გაყვანა და კარის ჩაკეტვა. ვერაფერი გაიგეს რა ხდებოდა. კაცი ცოტა დააშოშმინეს, კითხეს გაბრაზების მიზეზი. „Да они наших убивали. Эстонцы! Потому и радуются! Пустите меня. Я убью их на месте!“ – იყვირა კაცმა და ისევ პალატისკენ გაიწია. ყველა გაშრა. ხალხმა ჯერ ერთმანეთს გადახედა, მერე აქოშინებულ კაცს, შემდეგ კი პალატისკენ გაიხედეს, სადაც მათი ორი მოსისხლე მტერი უმწეოდ იწვა.
წამი გაიწელა. სანამ ბრბო აფეთქდებოდა და სისხლს დაღვრიდა, მთავარმა ექიმმა იქ მყოფ პოლიციელს სთხოვა სასწრაფოდ ყველა გარეთ გაეყვანა და კარი ჩაეკეტათ. ისე სწრაფად დაატოვებინეს დერეფანი, მათმა ფითილმა ბოლომდე ჩაწვა ვერ მოასწრო. სამაგიეროდ ბომბი გარეთ აფეთქდა. დევნილებმა ეზოში ამბავი გაიტანეს: საავადმყოფოში ჩვენი ბიჭების სისხლის დამღვრელებს მკურნალობენო. ხალხმა იღმუვლა და კარს მიაწყდა. ამასობაში მთავარმა ექიმმა სასწრაფოდ დარეკა და მომხდარი ქალბატონ გელაშვილს მოახსენა.
მანქანა ხალხის კედელთან შეჩაერდა. ქალბატონი ნატალია გადმოვიდა მანქანიდან და ხალხს დაშოშმინება და გატარებას სთხოვა. ხალხი გააფთრებული იყო. არავის მოსმენა უნდოდა. მათ მხოლოდ რამდენიმე მეტრში მყოფი მტრის სისხლი წყუროდათ. მოსულებმა სცადეს აეხსნათ, რომ ყველაფერს გაარკვევდნენ თუ ამის საშუალებას მისცემდნენ.
– დამშვიდდით! შეგვიშვით და გპირდებით ისე მოვიქცევით, როგორც ყველასთვის უკეთესი იქნება! – ნატა კიბიდან ცდილობდა ყაყანი გადაეფარა. დიდი გამოცდილების მიუხედავად, ასეთ სიტუაციაში პირველად აღმოჩნდა. ის ერთი პატარა ქალი იყო. ბრბოს წინაშე იდგა, ხელისგულებს უჩვენებდა და ცდილობდა მათი ნდობა მოეპოვებინა. ხალხიდან მეეზოვის ფორმიანი მელოტი კაცი გამოვიდა და მას მიმართა:
– შეიძლება ჩემი შვილი მაგათ ტყვიას ემსხვერპლა. რატომ არ უნდა გამოვჭრა ყელი ჩემი ხელით?
ხმაურმა იკლო. ყველამ გელაშვილის ფერწასულ სახეს და ამოღამებულ თვალებს შეხედა. დაღლილობის მიუხედავად უტეხი კლდესავით იდგა ამდენ ხალხში და არ აპირებდა პოზიციების დათმობას.
– თქვენი სახელი? – ჰკითხა მამაკაცს.
– ვიანორ ჯანჯღავა.
– ბატონო ვიანორ, მესმის აღელვებული ბრძანდებით. თქვენი შვილი, როგორც გავიგე, ომშია და ნერვიულობთ, ისევე, როგორც აქ მყოფი ყოველი ადამიანი. მომეცით საშუალება გავარკვიო სიტუაცია და გპირდებით თქვენს ინტერესებს დავიცავ. გამატარეთ! – ხმა აღარავის ამოუღია. ბრბო ნელნელა ორად გაიყო და კარებთან მისასვლელი გზა გაათავისუფლა.
დერეფნები სავსე იყო დაჭრილი პაციენტებით. საწოლები ჩამწკრივებული იყო ყველა კორიდორში. პოლიციელი იმ პალატის კართან იდგა და არავის უშვებდა შიგნით. ოთახში ბუზის გაფრენის ხმა ისმოდა, როცა სამინისტროს წარმომადგენლები შევიდნენ. ესტონელებს ფერი არ ედოთ და აღარც ხუმრობის ხასიათზე იყვნენ. შესულებს შიშნარევი მზერა ესროლეს და უარესის მოლოდინში გაინაბნენ. ერთი მათგანი ფანჯარასთან მიხოხებულიყო და ძირს იჯდა. თავზე და მუცელზე ახალდადებული თეთრი ბინტი სისხლით ეჟღინთებოდა. ხელში სამედიცინო მაკრატელი ჩაებღუჯა და მზად იყო თავი დაეცვა. მეორეს მკერდი და ფეხი ჰქონდა შებინტული. მას მოძრაობის თავი არ ჰქონდა და ბედს მინდობილი იწვა საწოლზე. ორივე შეკრთა როცა ნატამ ხმა ამოიღო: – „Как вы поняли, вы находитесь в Тбилиси, на территории противника. Вы являетесь нашими военнопленными. Во время лечения никто вас не тронет. Вы меня понимаете?“ – ფანჯარასთან მჯდომმა ჯერ მეგობარს გახედა, მერე დაბნეული თვალებით იატაკს მიაშტერდა. ნატა მასთან ფრთხილად მივიდა და ხელი გაუწოდა. ესტონელმა ახედა. თვალები შიშისაგან გაფართოებოდა. მძიმედ სუნთქავდა. ნატამ მაკრატელზე ანიშნა. ესტონელი შეყოყმანდა, მაგრამ ერთადერთი იარაღი გადამრჩენელს გადაულოცა.
– გიორგი, თავდაცვის სამინისტროში დარეკე და მოახსენე! სხვებსაც შეატყობინეთ! – მოუბრუნდა კოლეგებს. – ბატონო ავთო, მთავარი ექიმი ხომ თქვენ ხართ? ექიმის ფიცი გაქვთ მიცემული, იზრუნეთ პაციენტების ჯანმრთელობზე. სამხედროების მოსვლამდე მათთან არავინ მიუშვათ. კართან სანდო დაცვა დააყენეთ.
ნატა პალატიდან გამოვიდა ფიქრით რა ეთქვა ხალხის დასაშოშმინებლად. როგორ შეიძლებოდა დაერწმუნებინა სამართლიანად სისხლმოწყურებული ბრბო და დაეცვა მტერი, რომელიც მის მოძმეებს სასიკვდილოდ იმეტებდა რამდენიმე დღის წინ. გადაწყვიტა სამხედროების მოსვლამდე დრო მოეგო, რადგან აფექტურ მდგომარეობაში ჩაცვენილი ხალხი საავადმყოფოს უკვე ქვებს უშენდა. გასვლამდე კართან რამდენიმე წამით შეყოვნდა. თითები ნერვიულად გადააჭდო ერთმანეთს და ნიკაპთან მიიტანა. ცოტახანს ასე გაშეშდა და ეზოდან შემომავალ ხმაურს უსმენდა. მერე წელში გაიმართა, თანმხლებებს უსიტყვოდ შეხედა და გარეთ გავიდა.
საავადმყოფოს კარი ჭრილით დაიხურა მათ უკან. ბრბო ნელ-ნელა გაჩუმდა და სმენად იქცა. ნატა საფეხურზე შეჩერდა და მისკენ მომართულ ასობით ნერვიულობით დაქანცულ, მრისხანე სახეს უთხრა:
– ეს ესტონელები ჩვენს წინააღმდეგ იბრძოდნენ, მაგრამ მათი ლიკვიდაცია არ შეგვიძლია. ეს ეწინაარმდეგება როგორც ომის, ისე მშვიდობის კანონებს! ახლა ისინი ჩვენი ტყვები არიან. ქართველი არასდროს ურტყამდა წაქცეულს. როცა მოწინააღმდეგე უიარაღოდ იყო, არასდროს უტევდა.
– არა! – იყვირა ვიანორმა. – ტყუილად გვარწმუნებ ქალბატონო! მტერი უნდა მოკვდეს! საავადმყოფო ისედაც გადავსებულია. მაგათი ადგილი აქ არაა!
– ბატონო ჯანჯღავა, წარმოიდგინეთ თქვენი შვილი რომ დაჭრილიყო და რუსულ მხარეს მოხვედრილიყო საავადმყოფოში. დარწმუნებული ვარ, მაშინ იგივე პოზიციაზე არ იქნებოდით. ყველა იმსახურებს სიცოცხლის შანსს. ეს ბიჭებიც ვიღაცის შვილები არიან და მათი მშობლებიც ნერვიულობენ.
– ერთი მაგათი მშობლებისაც… – შეიგინა ბრბოში ვიღაცამ. ნატას წამით მოეჩვენა, რომ კონტროლი დაკარგა. ბრბო მზად იყო მისთვის გადაევლო და ის ორი ჯარისკაციც ზედ მიეყოლებინა. უცებ საკმაოდ ლოგიკურმა იდეამ გაუელვა თავში:
– ჩვენ შეგვიძლია ტყვეები გავცვალოთ და ამათ ფასად ჩვენიანები დავიხსნათ. ჩვენ ხომ მათი ჩინი არ ვიცით. შესაძლოა თითოში რამდენიმე ქართველი გავცვალოთ. შესაძლოა ვინმე თქვენიანი დავიხსნათ მათი გაცვლით. – გელაშვილმა შეამჩნია, რომ ეს იდეა ზურგს უმაგრებდა, ხალხის დუმილი კი თანხმობას ნიშნავდა და მეტი თავდაჯერებით განაგრძო: – ჩვენ უკვე გადავეცით საქმე სამხედრო სამსახურებს. ისინი დაკითხავენ ტყვეებს და საკითხის მოგვარებაზე იზრუნებენ. შესაძლოა მათ საიდუმლო ინფორმაცია ქონდეთ აფხაზებზე. გთხოვთ, სიმშვიდე შეინარჩუნეთ და ნუ ეცდებით მათზე თავდასხმას! ყველას გვეყოფა ის გაჭირვება, რაც გვაქვს. სინდისს ნუღარ დავიმძიმებთ!
ბრბო ხალხად იქცა და ნელნელა დაიშალა. მოზღვავებულ აგრესიას მიმართულება უცვალეს და ომზე საუბარში გადაიტანეს. ჯანჯღავამ მუშტზე იკბინა და იქაურობას გაეცალა. ნატა კართან საპატიო ყარაულივით იდგა სანამ ეზოში ორი სამხედრო მანქანა არ შემოვიდა. უფროსმა ლეიტენატმა ასანიშვილმა ვითარების დეტალები გამოჰკითხა, საქმე გადაიბარეს და ყველაფრის მოგვარება აღუთქვეს. ნატამ სთხოვა საქმის მსვლელობის დეტალები შეეტყობინებინათ მისთვის და მერიაში დაბრუნდა.
სამი კვირის შემდეგ, სამსახურში მისულ ნატა გელაშვილს მაგიდაზე ორი ფურცელი დახვდა: ერთი ტყვეების გაცვლის წარმატებულ ოპერაციაზე მოუთხრობდა, მეორეზე კი სახელების მოკლე სია ეწერა. აღელვებულმა წაიკითხა პირველი ფურცელი. მეორე ფურცლის კითხვისას კი ფეხზე წამოიჭრა. ფერმკრთალ სახეზე ღიმილი გადაეფინა. თითები ნერვიულად გადააჭდო ერთმანეთს და ნიკაპთან მიიტანა. დიდი ხანია არაფერი გახარებოდა ასე. ეს მისი პირადი გამარჯვება იყო. მდივანს მოუხმო და სთხოვა ფურცლების ასლები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაეგზავნა. მდივნის გასვლის შემდეგ ყურმილი აიღო და საავადმყოფოში დარეკა: -გელაშვილი ვარ. დოკუმენტებს გიგზავნით და გთხოვთ დევნილებს აჩვენოთ, შემდეგ კი თვალსაჩინო ადგილას გამოაკრათ. კი გაცვალეს. რვა. მინდოდა მეთვითონ მომეტანა, მაგრამ დრო არ ითმენს… არა, უარესობისკენ… ცუდადაა საქმე… კარგად იყავით.
მორიგი ოპერაციიდან გამოსულ მთავარ ექიმს მოადგილემ ახარა მიღებული ცნობის შესახებ. ექიმი ჰოლში დაეშვა. შესასვლელი ხალხით იყო სავსე. კედელზე დაჭრილთა სიების გვერდით ორი ახალი ფურცელი ეკიდა, მაგრამ მათთან არავინ იდგა. ყველა წაქცეულ კაცს ეხვეოდა და ცდილობდნენ გონზე მოეყვანათ. ექიმმა გულგრილად ჩაუარა ექთნებით გარშემორტყმულ კაცს და ახალგამოკრულ მოკლე სიასთან შეჩერდა. ინტერესით იწვოდა. გამოტოვა პირველი გვერდი და პირდაპირ მეორედან დაიწყო:

„…ზემოთ აღნიშნული გაცვლის ოპერაციის შედეგად ქართულმა მხარემ მოახერხა 8 სამხედრო მოსამსახურის გამოხსნა:
1. სერჟანტი ასათიანი გოჩა ბაქარის ძე.
2. სერჟანტი მალაზონია პაატა ვახტანგის ძე.
3. რიგითი ბერიძე შოთა ხარებას ძე.
4. რიგითი დევიშვილი ილია ნიკოლოზის ძე.
5. რიგითი ჯანჯღავა ანდრია ვიანორის ძე.
6. რიგითი კოჭლამაზაშვილი გიორგი ილიას ძე.
7. რიგითი მამედოვი მუჰამედ მაგამედის ძე.
8. რიგითი წამალაშვილი ცოტნე ვაჟას ძე.“

 

 

ომი ბევრ გმირს შობს, თუმცა მათი უმეტესობა უცნობი რჩება.

1402abkhazia01

Advertisements
Posted in პროზა | Tagged , , , , | დატოვე კომენტარი

სხვის რწმენას პატივი უნდა ვცეთ! – იქნებ არა?!

ob_b2cc73_religions-et-spiritualite

რელიგიურ კამათებში ხშირად, თითქმის ყოველთვის, ამბობენ ხოლმე “სხვის რწმენას პატივი უნდა ვცეთ”. რა სიგიჟეა! შეიძლება პატივი სცე ადამიანს, მაგრამ არა მის რწმენას. “პატივისცემაში” ძირითადად იგნორირებას გულისხმობენ ხოლმე. მე ვერასდროს ვცემ პატივს არაადამიანურ მორალურ კოდექსებს, რომელიც სიკეთის სახელით შხამს აწვეთებს ხალხს ტვინში.

წაიკითხეთ სრულად

Posted in აზრები, რელიგია | Tagged , , , , , , , , , , , , | 4 Comments

ლიფტის მინიმა

იხურება კარი.
საეჭვო ხრიალი. იღება.
ჭერიდან ვარდება ვირთხა.
გარბის.
ნეტავ ვირთხებს თუ ჰყავთ კეთილები?!

 

24.10.2015

Posted in 2015, პოეზია | Tagged , , | დატოვე კომენტარი

ვინც თავის თავზე მიიღოს

istock_000016462400small

იმდღეს ვსქროლე, ვსქროლე, ვსქროლე,
გაგიქექე პროფილი,
გადავხედე რას აკეთებს
მეგობარი ყოფილი.

სრულად

Posted in 2018, პოეზია, სხარტულები :) | Tagged , | დატოვე კომენტარი

მგზავრის ფიქრები

Image result for მარშუტკა

მზე უკვე ჩადის, ადგილს ვტკეპნი ოცი წუთია.
მზის სუსტმა სხივმა გამომიშრო ნაპარსი კანი.
გელი, არ ჩანხარ. მოთმინებას შფოთმა უტია.
ცოტაც და უკვე გაშიშვლდება გინების ხმალი.

ეჰ, მერამდენემ გაიარა, შენ კი არ ჩანხარ.
სასწაულია, ის არ მოდის, რომელსაც ელი.
სულ ასე ხდება. ნეტავ მალე გამოჩნდებოდე,
ჩემო მარშუტკავ, აგიქნიო ღონივრად ხელი.

02.09.2017

Posted in 2017, პოეზია | Tagged , , | დატოვე კომენტარი

ფობოფობია

მეშინია ძაღლისა და მგელის,
მეშინია მოჩხრიალე გველის,
მეშინია ამოხრჩობა ხველით,
მეშინია გამათრიონ წვერით.

მეშინია კამეჩების ცურის,
მეშინია გაწყვეტილი შნურის,
მეშინია ცოფიანი ცხენის,
მეშინია გაღეჭილი ენის.

სრულად

Posted in 2018, პოეზია | Tagged , , , , , | დატოვე კომენტარი

ჰალეი

რას მეტყოდი ძვირფასო,
რომ გიწერდე სონეტებს?
სანატვრელად ველოდე
ღამ-ღამობით კომეტებს?

სრულად

Posted in 2017, პოეზია | Tagged , , , | დატოვე კომენტარი