სიკვდილზე ადრე

Clipboard02

ყოველ აღდგომას დედაჩემი კვერცხებს ღებავს, სხვადასხვა ქართულ ტრადიციულ და არატრადიციულ კერძს ამზადებს. ავტომობილში ვსხდებით და მივდივართ სოფელში სადაც ჩემი წინაპრები განისვენებენ. სოფელი საღრაშენი ჩემთვის ბავშვობასთან, სიხარულთან და კარგ მოგონებებთან ასოცირდება. აქ ყოველი კუნჭილის უკან ისტორიას ვკითხულობ, ყოველი ადგილი ვიღაცას მახსენებს და ხშირად, როცა ხეჭეჭურის ძირში გაბმულ ჰამაკში წამოწოლილი ეზოს გავცქერი, ცხადად ვხედავ ყველას ვისაც ამ ეზოში გაუვლია.

იმ გაზაფხულზე ყველაფერი ჩვეულებრივად იყო, იმ განსხვავებით, რომ პაპაჩემი ამ აღდგომას აღარ ესწრებოდა. დამთხვევები ზოგჯერ უმოწყალონი არიან. ერთი კვირის შუალედით ორი პაპა მივაბარე მიწას. ამ საშინელმა დარტყმამ მთელი ოჯახი გაგვანადგურა. ორი წელი იყო გასული იმ საშინელი კვირიდან. აღდგომა ძველებურად აღარ მიხაროდა, რადგან უნდა მენახა საფლავი, რომელიც იმ საშინელ წუთებს გამახსენებდა, როცა ერთ წყნარ დილას პაპაჩემის უსულო სხეულს თვალცრემლიანი ვანჯღრევდი რომ როგორმე გამეღვიძებინა. ის დილა ჩემს სულზე შეუხორცებელ ჭრილობად დარჩა.

მოგეხსენებათ, დღესასწაულზე ხალხის რაოდენობა მხიარულების პროპორციულია, რაც მეტი ხალხია, უფრო მეტი სიხარულია. იმ წელს კი მხოლოდ ოთხნი ვიყავით: მამაჩემი ნიკოლოზი, დედაჩემი მარინე, ჩემი ძმა გიორგი და მე. საკმაოდ უღიმღამო დღე იყო. მოღრუბლული და უხალისო. მამაჩემს არ უყვარს როცა საჭესთან ჯდომისას ელაპარაკებიან, ამიტომ თითქმის უსიტყვოდ გავიარეთ მთელი გზა სოფლამდე. ვუყურებდი როგორ ჩაუფრინეს ფანჯარას ჯერ რუსთავმა, შემდეგ ფონიჭალამ, ქვემო ქართლის სოფლებმა, ახლად შემწვანებულმა ყანებმა, ალგეთის ხეობამ.

სრულად